საქართველოს უფლებები ზაქათალის ოლქზე

 

ზაქათალის ოლქზე საქართველოს უცილობელი უფლება აქვს ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს კუთხე უძველეს დროითგან ქართველ ერის მკვიდრ მიწა წყალს შეადგენდა და ჰერეთის სახელით ცნობილ ქართულ კულტურისა და ხელოვნების ასპარეზად ითვლებოდა. მე-XVII-ე ს-ის პირველ მეოთხედამდე ის მუდამ ქართველ­თა უდავო სამფლობელოსა და საკუთრებას შეადგენდა. თათრები, ანუ თურქები აქ მხოლოდ შაჰაბაზის, საქართველოს ამ დაუძინებელ მტრის წყალობით გაჩნდენ:  ჩვენი ქვეყნის აოხრების შემდეგ მან აქ თავისი ერთგული მაჰმადიანი ტომი ჩაასახლა, რომ ამით სპარსეთს შემდეგში საქართველოში შესვლა გაადვილებოდა. ამ გარემოებას ქართველთათვის რასაკვირველია ახალი უფლებრივი მდგომა­რე­ობის შექმნა არ შეეძლო და შემდეგშიაც ჰერეთიც, იგივე საინგილო, ანუ ზაქა­თა­ლას ოლქი საქართველოს კუთვნილებად ითვლებოდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს მარტო ქართულ წყაროებით არა მტკიცდება, არამედ რუსულ ოფიციალურ წყაროებშიაც არის აღბეჭდილი: სახელ­დობრ 1743 წ. მოსკოვში დახატულ მაშინდელ საქართველოს რუსულს რუკაში, რო­მე­ლიც პეტერბურგში სამხედრო სამინისტროში ინახება, ეს კუთხე კახეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილად არის აღნიშნული. ხოლო რუსეთის ელჩის ბურნაშევის მიერ 1784 წ. შედგენილ საქართველოს რუკა ცხადად ამტკი­ცებს, რომ ერეკლე II-ის მიერ რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულების დადების დროსაც ზაქათალის ოლქი საქარ­თ­ველოს უცილობელ კუთვნილებად ითვლებოდა. მაშასადამე საქართველოს ამ ოლქზე უფლება დადებულ ხელშეკრულების ძალით რუსეთიც მოვალე იყო მთელი თავისი ძალით დაეცვა.

ივ. ა. ჯავახიშვილი

ტფილისი.

1920.12.V.

წყარო: საქართველოს ისტორიული არქივი, ფონდი 1864, აღწერა 2, საქმე 274, ფ. 1-2.

Copy Protected by Chetan's WP-Copyprotect.