ჩვენი მიზანია ადვილად და შეუფერხებლად ხელმისაწვდომი გავხადოთ ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალები, არა მარტო მისი ნაბეჭდი ნაშრომები, არამედ არქივებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაუნჯებული დოკუმენტაცია.

ივანე ჯავახიშვილმა ქართული საზოგადოების ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. მან შექმნა ახალი ქართული ისტორიოგრაფია, ჩამოაყალიბა სხვადასხვა დამხმარე საისტორიო დისციპლინები (პალეოგრაფია, მეტროლოგია, ნუმიზმატიკა, დიპლომატიკა…), თვალსაჩინო კვალი დაატყო ქართული მუსიკალური კულტურის, ხელოვნების, ყოფის, ენის, გეოგრაფიის, ეკონომიკისა და სამართლის კვლევას. მაგრამ ყველაზ ეუმთავრესი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაა, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში ზოგადად ქართული მეცნიერები სშექმნასა და განვითარებას. ამ მეცნიერებამ კი განაპირობა შემდეგდროინდელი ეროვნული წარმატებანი მეცნიერებას დაეფუძნა საქართველოში განხორციელებული პროექტები: ცხოველთა და მცენარეთა სელექციით გამოყვანილი ახალი ჯიშები, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით აგროკულტურების განვითარების ზონირება, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების გამოგონება, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.

ყოველივე ეს ჯავახიშვილისეული უნივერსიტეტის დაარსების შემდგომ პერიოდში განხორციელდა და ამ უნივერსიტეტის უშუალო მონაწილეობით. ამიტომ ეს პერიოდი ქართველის ერის ისტორიის ახალი ეტაპია და იგი ძირითადად ივანე ჯავახიშვილის ღვაწლსა და შემოქმედებაზეა დამყარებული.

ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის სრული და სრულყოფილი გაცნობა სამერმისო გზასაც გვიჩვენებს. ამ მხრივ, ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა არა მხოლოდ ისტორიის კუთვნილებაა, არამედ თანამედროვეობისათვისაც უაღრესად აქტუალური მასში თანამედროვე საზოგადოებისათვის განსასჯელი და გასათვალისწინებელიც მრავლად მოიპოვება. მეცნიერის ეს მემკვიდრეობა მოცულობით დიდია და თემატურად კი მრავალფეროვანი. ნაბეჭდი სახით იგი სრულად არაა წარმოდგენილი, არამედ მხოლოდ არქივებსა და მუზეუმებშია დაუნჯებული და ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, რომ ყველასთვის ადვილად და შეუფერხებლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალები, შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის პერსონალური ვებგვერდი (http://ivane.ge).

ადამიანმა თავის დროზე დამწერლობის შექმნით პროგრესის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. შემდეგ თხზულებების ხელით გადაწერის მძიმე შრომა გუტენბერგმა ბეჭდვით შეცვალა. ამ უკანასკნელს დღეს ელექტრონული ფორმატი ენაცვლება: იზოგება პოლიგრაფიული ხარჯები და, რაც მთავარია,  ძვირფასი დრო. ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც კი რამ არის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში. ამით ვუზრუნველვყოფთ თითოეული ადამიანის უფლებას შეუფერხებლად მიიღოს მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია. თუმცა ამ გზაზე აუცილებელია დაიძლიოს სიახლის მიმართ ჩვენში არსებული ის კონსერვატიზმი, რაც თავის დროზე გადამწერებსაც ჰქოდათ გუტენბერგის გამოგონებამ ხომ აქტუალობა დაუკარგა მათ პროფესიას.

ვებგვერდის მიზანი ასხვადასხვა არქივებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და კერძო კოლექციებში გაბნეულ მასალებს ერთად მოუყაროს თავი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ყველა მასალას. ამით უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ადამიანის უფლება შეუფერხებლად მიიღოს მათთვის საინტერესო ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, ვებგვერდი დიდ დახმარებას გაუწევს სხვადასხვა ქალაქებში მყოფ სტუდენტებს და მკვლევარებს, რადგანაც ისინი ბიუროკრატიული ბარიერისა და დროის დაკარგვის გარეშე კომფორტულად მიიღებენ მათთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას. საერთო ჯამში, კი ამ ვებგვერდით ივანე ჯავახიშვილი კიდევ მრავალჯერ გაუწევს თავის სამსახურს ქართულ საზოგადოებას.

Copy Protected by Chetan's WP-Copyprotect.