ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა

„არცერთ ეროვნებასა და ქვეყანას არ შეუძლიან შეუჩერებელი კულტურული ზრდა, თუ რომ მას შესაფერისად განვითარებული და მუდამ წარმატებაში მყოფი მეცნიერება არ აბადია. ერის ყოველი წარმატება, თვით ნივთიერი კულტურის სფეროშიაც-კი თეორიული მეცნიერების წარმატებასა და აღმოჩენებზეა დამოკიდებული“.

„თუ ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გონებრივსა და კულტურულს ნორჩს აღორძინებას ფესვები გავუმაგროთ, მთელი ჩვენი ძალღონით ქართულ მეცნიერების შექმნას და აყვავებას უნდა ხელი შევუწყოთ“.

„სამეცნიერო მუშაობისათვის, ნიჭს გარდა, ცოდნის მოყვარეობის დაუშრეტელი სიყვარული, კვლევა-ძიების  წყურვილით თავდავიწყებამდე გატაცება და შეუდრეკელი ნებისყოფაა საჭირო. უსიყვარულოდ და უნებისყოფოდ, თავგანწირულებისათვის მზაობის გარეშე, არც ერთი დიდი საქმის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს მეცნიერებაში, რადგან მეცნიერის ზნეობრივი პასუხისმგებლობა დიდია და ნივთიერი კეთილდღეობის თვალსაზრისით, მძიმე. ამიტომ მას ყველა ამ სიძნელეთა დასაძლევად ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე ესაჭიროება“.

„თუნდაც რომ გამოკვლევამ ქართველ მეცნიერს დაანახოს რომ იმის სამშობლოს წარსული თავისებურსა და დიადს არაფერს წარმოადგენს, მაინც იგი არ უნდა შეუშინდეს თავისი დასკვნის გამოქვეყნებას... თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლია იგი თავიდან მოიშოროს“.

„…ჩვენი წინაპრები მარტო ქრისტიანულ-ბერძნულ შემოქმედების შესწავლით არ დაკმაყოფილებულან, არამედ არაბულ-სპარსულ მდიდარ მწერლობითაც უხვად ისარგებლეს… ამით ქართველთა აზროვნობას ფართო მსოფლმხედველობა გადაეშალა და ბერძნულ-ქრისტიანულ დინჯ და მკაცრ შემოქმედებასთან ერთად მწველ აღმოსავლეთის ლაღი და სიცოცხლით აღსავსე ფერადოვანი კულტურის ნაყოფი იგემა. ქართველობამ ეს ორი მთავარი კულტურული სამფლობელო ესოდენ გულის სირრმემდე შეითვისა და თავის შემოქმედებაში განუყრელად შეაერთა, რომ ქართული კულტურა აღმოსავლეთსაც ეკუთვნის და დასავლეთსაც, ქრისტიანულსაც და მაჰმადიანურსაც. ამით ქართველობამ მაშინდელ მსოფლიო კულტურის შეერთება შესძლო“.

„როგორ შეიძლება, რომ ხარობდეს პოეზიისა და მშვენიერების ნაზი ყვავილი იქ, სადაც ირგვლივ მტრისაგან აოხრებული ქვეყანა იყო და ომისა და სიკვდილის შემზარავი აჩრდილი დაძრწოდა. სწორედ რომ გასაოცარი და სათაყვანებელია ის მამაცური გულგაუტეხელობა და სიცოცხლისა და მშვენიერების დაუშრეტელი წყურვილი, რომელიც… [ქართველობას] ასეთ ჯოჯოხეთურ პირობებშიაც ეროვნული ხელოვნებისადმი უანგარო სამსახურის ხალისს არ უხშავდა“.

„ისტორიკოსი მოვალეა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული, გამოირკვიოს, რა და რა პირობებსა და მიზეზებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფო, მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივ-გონებრივი განვითარება და წარმატების მიმდინარეობა… ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი“.

„რომ ქართველები ნიჭიერები არიან, საუცხოო კულტურა ჰქონდათ ოდესღაც… სრულებით უნაყოფო და უმნიშვნელოა ქართველებისათვის პოლიტიკაში… ჩვენვე მოვიტყუებთ ჩვენ  თავს, საზოგადოებას ჩვენვე ავუხვევთ თვალებს… და დავაბრმავებთ… ამგვარი მოქმედება ქართველი ერის თვითცნობიერების აღორძინებას შეაფერხებს და ბოლოს მოუღებს, ხალხს ბაქიობას და უსაფუძვლო ამაყობას და კმაყოფილებას შეაჩვევს… დიდებულს წარსულს საერთაშორისო პოლიტიკასა და ცხოვრებაში დიდი გასავალი არ უნდა ჰქონდეს, აწმყოა მხოლოდ მხედველობაში მიღებული, აწმყო კულტურული“.